DSC03567 scaled

ბებიას მოქსოვილი განსაკუთრებულად თბილია…

„ბებიას“ – არის ქართული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ბებიების ხელით მოქსოვილ ქუდებს და სხვა აქსესუარებს.

“ბებიას” დაფუძნდა 2018 წლის 7 სექტემბერს. “ბებიას” ისტორია უკავშირდება საწარმოს დამფუძნებლის, გიორგი ნოზაძისა და მისი ბებიის სიყვარულით სავსე ურთიერთობას. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც გიორგიმ ბებიას მოქსოვილი ქუდი დაკარგა. ახალი ქუდის მოქსოვა ბებიამ ვეღარ შეძლო ასაკის გამო, მალე კი გარდაიცვალა. “მაშინ მივხვდი, რამდენად თბილი იყო ბებიას მოქსოვილი ქუდი და რომ არსებობს ბევრი ბებია, რომელებიც სიამოვნებით მოქსოვდნენ ღუნღულა ქუდებს ახალგაზრდა თაობისთვის, ჩააქსოვდნენ სითბოს და სიყვარულს. სანაცვლოდ კი მიიღებდნენ შემოსავალს საყვარელი საქმით, სახლიდან გაუსვლელად”.

აქედან დაიბადა ახალი პროდუქტის იდეა, რომელიც ბებიებს შემოსავალს გაუჩენდა, ხოლო ადამიანებს შესაძლებლობას მისცემდა, გამთბარიყვნენ ბებიების მზრუნველი ხელებით მოქსოვილი ქუდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ნაქსოვი, ხარისხიანი ქუდების ქართული ბრენდი ბაზარზე არ არსებობდა, გადაწყდა კომპანიის შექმნა, რომელიც დაასაქმებდა იმ ბებიებს, რომელთაც საზოგადოებაში ინტეგრაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ. მოგვიანებით “ბებიას” ნაქსოვი აქსესუარების ასორტიმენტი გაფართოვდა და ახლა ჩვენი ბებიები ქუდების გარდა ქსოვენ ღუნღულა წინდებს, ხელთათმანებსა და შარფებს.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ბებიებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა. ჩვენი ყოველდღიური შრომა მიმართულია მთავარი მიზნისკენ –  ბებიებს დავუბრუნოთ იმის განცდა, რომ მათი საქმე საზოგადოებისთვის ისევ ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად, აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნოთ და შემოსავალი გავუჩინოთ რაც შეიძლება მეტ ხანშიშესულ ქალბატონს საქართველოში.

ჩვენ, ერთი მხრივ, სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას ვაძლევთ, იცხოვრონ აქტიურად და მიიღონ შემოსავალი საყვარელი ხელსაქმით, ხოლო, მეორე მხრივ, ვქმნით მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს.

ჩვენ გვწამს, რომ ბრენდი არ უნდა იყოს მომხმარებლისთვის მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის მიმწოდებელი სისტემა, არამედ, ის უნდა ქმნიდეს ჭეშმარიტ ღირებულებას. ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთთან ბებიებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს და სიმბოლურია, რომ ამ კავშირის გაბმას ყველაზე თბილი პროდუქტის შექმნა მოჰყვება.

რა პრობლემების მოგვარებას ვემსახურებით?

ბებიების ეკონომიკური სიდუხჭირე

დღესდღეობით საქართველოში ხანდაზმული ადამიანები, ერთ-ერთი ყველაზე მივიწყებული და ნაკლებად დაფასებული თაობაა. ისინი არ აღიქმებიან საზოგადოების თანასწორ წევრებად, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გავითარებაში. სახელმწიფო მათ უზრუნველყოფს მინიმალური მხარდაჭერით, რაც არ არის საკმარისი სიბერის ღირსეულად გატარებისთვის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 16% 65 წელს ზევით ასაკის ადამიანია, 596 ათასი ქალი კი არის პენსიის მიმღები. ბებიების დიდი ნაწილი უმუშევარია და პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.

ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ერთად ასაკის მატება მჭიდროდ უკავშირდება ხანდაზმულთა დეპრესიას. სოციალიზაციის ნაკლებობა, საკუთარი მნიშნელოვნებისა და საჭიროების შეგრძნების დაკარგვა, ნაკლები ფიზიკური და გონებრივი აქტივობა ხელს უწყობს როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური დაავადებების განვითარებას.

ჩვენთან დასაქმებულ ბებიებს ახალი საქმე, ახალი ხალისი და შემართება აქვთ. ერთი სიტყვით, ჩვენ მათ ღიმილს ვგვრით და ვაგრძნობინებთ, რომ საზოგადოებისთვის კვლავ შეუძლიათ ღირებული საქმის კეთება. ისინი ბედნიერები არიან, რომ ისევ გამოიმუშავებენ შემოსავალს, რომელიც არც თუ ისე მწირია, თანაც საყვარელი ხელსაქმით და არა – მძიმე შრომით.

.

გარემოს დაბინძურება

გარემოს მიკროქსოვილით/მიკროპლასტმასით დაბინძურება 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვები და ოკეანეები სავსეა როგორც მაკრო, ისე მიკროპლასტმასით, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის წყლის ბინადრებსა და მთელს ეკოსისტემას. მიკროპლასტმასის მნიშვნელოვან წყაროს სინთეტიკური, არაბუნებრივი ტანსაცმელი წარმოადგენს. 5 კგ სარეცხის გარეცხვისას საშუალოდ 10-12 მილიონ მიკროქსოვილი გამოიყოფა. კვლევები ადასტურებს, რომ მსოფლიოში ტანსაცმელში გამოყენებული ქსოვილების 60%-ზე მეტი სინთეტიკურია და ეს გარემოსთვის, ნავთობის პროდუქტების შემდეგ, დაბინძურების ყველაზე დიდ წყაროს წარმოადგენს.

რეცხვის დროს მიკროქსოვილების გამოყოფის შემცირება შესაძლებელია ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმლისა და ტექსტილის მოხმარებით. ბუნებრივი ქსოვილი კარგია, როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი ქუდები სპეციალურად ჩვენი საწარმოსთვის დამზადებული 100%-ით ნატურალური თუშური შალით იქსოვება, რომელთა უმეტესობა ბუნებრივი საღებავით არის შეღებილი. ხოლო იმისთვის, რომ ქუდები არ იყოს მოსახმარად უხეში, შიგნიდან ჩაქსოვილი აქვს ნატურალური ბამბის რბილი სარჩული.

“ჩვენ გვსურს, ბებიებისთვის უზრუნველვყოთ ღირსეული სიბერე – ეკომეგობრული პროდუქტის წარმოების გზით”.

ჩვენი პარტნიორები